მზის სხივები დედამიწაზე თითქმის ვეღარ აღწევდა

მზის სხივები
მზის სხივები

გიგანტური შენობა, რომელიც ოდესღაც ათასობით ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა, ახლა ნახევრად დანგრეული და სრულიად ცარიელი იდგა. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ერთ ოთახში მდგარი ტელევიზორიდან მომავალი გაუთავებელი რეკლამების ხმა არღვევდა.

მესამე მსოფლიო ომამდე ეს მიყრუებული ტერიტორია საკმაოდ სუფთა და მოვლილ ადგილად ითვლებოდა. ეს გახლდათ სან-ფრანცისკოს გარეუბანი, რომლიდანაც ქალაქის ცენტრში მოხერხებული მონორელსით მარტივად და სწრაფად მოხვდებოდი. მთელი უბანი, ჩიტებით დახუნძლული ხის მსგავსად, ჟივილ-ხივილით იყო სავსე. ყველა საკუთარი ცხოვრებით, სიხარულითა და პრობლემებით ცხოვრობდა. შემდეგ მოსახლეობის ნახევარი გაწყდა, დანარჩენები კი კოლონიებში გადასახლდნენ. მიუხედავად პენტაგონის და მისი ლაქია სამეცნიერო კორპუსის, “რანდ კორპორეიშენის”, იმედისმომცემი წინასწარმეტყველებისა, ომი საკმაოდ ძვირად ღირებული “სიამოვნება” აღმოჩნდა. “რანდ კორპორეიშენის” წევრები, ამ საცხოვრებელი შენობის მოსახლეთა მსგავსად, თავის გადარჩენის მიზნით, დიდი ხნის წინ უკვალოდ გაქრნენ. თუმცა, ეს დანაკარგი არავის უგრძნია.

ამ ყველაფერს ემატებოდა ერთი საინტერესო ფაქტი: აღარავის ახსოვდა, სინამდვილეში რატომ დაიწყო ომი, ან საბოლოოდ რომელმა მხარემ – თუკი ასეთი არსებობდა – გაიმარჯვა. მტვერი, რომელიც პლანეტის ზედაპირს ფარავდა, არც ერთ ქვეყანაში არ შეუქმნიათ. ომის პერიოდშიც კი მისი, როგორც საბრძოლო იარაღის, დამზადების იდეა თავში აზრადაც არავის მოსვლია. პირველად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბუები გაწყდნენ. თავიდან სახალისოც კი იყო, მსუქანი, ფუმფულა თეთრი ფრინველები რომ ეყარა აქა-იქ, ეზოებსა და ქუჩებში. ცოცხლად დარჩენილი ბუები თვალში აღარავის მოხვედრია, რადგან ძველებური ჩვევის თანახმად, მათ მხოლოდ გამთენიის ბინდში უყვარდათ ფრენა (ამის მსგავსად, შუა საუკუნეებში, შავმა ჭირმა პირველად ვირთხებში იჩინა თავი). სამწუხაროდ, ახალი ჭირი დედამიწაზე ზეციდან დაეშვა.

ბუების შემდეგ სხვა ფრინველებმაც იწყეს უეცრად სიკვდილი, მაგრამ იმ დროისთვის პრობლემის სიმძიმე უკვე შემჩნეული იყო. კოლონიზაციის პატარ-პატარა პროგრამები ომამდეც მოდაში იყო, მაგრამ როცა მზის სხივები დედამიწაზე თითქმის ვეღარ აღწევდა, კოლონიზაციის იდეამ ახალ ფაზაში გადაინაცვლა. ამის გამო ომის მთავარი იარაღი – “თავისუფლების სინთეტიკური მებრძოლი” – სასწრაფოდ შეიცვალა და მოდიფიცირდა. ჰუმანოიდი რობოტების – უფრო ზუსტად კი, ორგანულად ემპირიული, მაგრამ ემპათია შეზღუდული რობოტის ახალ მოდელებს უცხო პლანეტებზე აქტივობის ფუნქცია დაემატა და კოლონიზაციის პროგრამის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. “გაერთიანებული ერების” კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ ემიგრანტს უფლება მიეცა, საკუთარი სურვილით აერჩია და ჰყოლოდა ნებისმიერი ქვეტიპის მოწყობილობა. 1995 წლისთვის ქვეტიპების მრავალფეროვნებამ 60-იანი წლების ამერიკული ავტომობილების რაოდენობას გადააჭარბა. 

ემიგრაციის მთავარ სტიმულადაც სწორედ ეს ორი რამ იქცა: ერთი მხრივ მსახური რობოტი, რომელიც ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებდა და მეორე მხრივ – რადიოაქტიური მტვერი, რომელსაც სასწრაფოდ უნდა გასცლოდა ყველა. “გაერთიანებულმა ერებმა” ემიგრაცია საკმაოდ მარტივ და მოსახერხებელ პროცესად აქცია. დარჩენა გართულდა, თითქმის შეუძლებელიც კი გახდა. დედამიწაზე დიდხანს გაჩერება ნებისმიერს ავტომატურად “ბიოლოგიურად უსარგებლოთა კლასში” აქცევდა, რომელიც ადამიანთა რასის სიწმინდეს უქმნიდა საფრთხეს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სპეციალად გამოაცხადებდნენ, სტერილიზაციის კურსის გავლის შემდეგაც კი წარსულის ნაწილი ხდებოდა და აღარავის აღელვებდა. ის, უბრალოდ, ადამიანთა მოდგმის ნაწილად ყოფნას უსვამდა წერტილს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა ემიგრაციაზე მაინც უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხვდებოდნენ ამ გადაწყვეტილების ირაციონალურობას. ნებისმიერი რეგულარისთვის ლოგიკურ მომავალს სწორედ ემიგრაცია წარმოადგენდა. ზოგიერთს დეფორმირებული დედამიწა ძველებურად მშობლიურ მიწად მიაჩნდა და მისი დატოვება უდიდეს ტკივილს უქადდა. ზოგიერთი იმედოვნებდა, რომ მტვრის სქელი მასა ნელ-ნელა დაილექებოდა და საბოლოოდ გაქრებოდა. ყოველ შემთხვევაში, დედამიწის ათასობით ინდივიდი შემორჩა და პატარა თანავარსკვლავედების მსგავსად, ერთმანეთთან ახლოს, ურბანულ მიდამოებში განაგრძეს ცხოვრება. თუმცა, ზოგიერთი საეჭვო პირი სრულიად განცალკევებით, აბსოლუტურად მიყრუებულ, მიტოვებულ ადგილებში ბუდობდა. 

იმ ბნელ ხანაში დანამდვილებით არავინ იცოდა, რას ფიქრობდა სხვა. ომის გამო დანამცეცებული მოსახლეობა ერთი რეგიონიდან მეორეში უმისამართოდ ხეტიალობდა. მაშინდელი რადიოაქტიური მტვერი არაერთგვაროვანი და შედარებით სუსტი იყო. ზოგიერთ შტატში თითქმის არც აღინიშნებოდა, ზოგში კი ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ხალხი მტვრის მოძრაობის შესაბამისად იცვლიდა ადგილს. სამხრეთ სან-ფრანცისკოს ეს მიდამოები თავიდან სუფთად ითვლებოდა, ამიტომაც უამრავმა უსახლკარომ სწორედ მას შეაფარა თავი; როცა მტვერმა აქამდეც მოაღწია, ლტოლვილთა უმრავლესობა დაიღუპა, დანარჩენები კი გადასახლდნენ. 

ტელევიზორი ჩვეულ ხმაზე განაგრძობდა:

“…ზუსტად შეინარჩუნოთ ომამდელი პერიოდის სული! ჰუმანოიდი რობოტები შექმნილია სპეციალურად თქვენთვის, თქვენი განსაკუთრებული გემოვნებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად! პლანეტაზე ჩამოსვლისთანავე სრულად უსასყიდლოდ გადმოგეცემათ იდეალურად გამართული რობოტი, ზუსტად ისეთი, როგორსაც დედამიწიდან შეუკვეთავთ…” 
და ასე, გაუთავებლად.

ქვიზი ფილმებზე კადრების მიხედვით

ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმები კადრებით

მომიტინგე პროტესტანტი გოგონა საქართველოს დროშით

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი