in , ,

უნიკალური აღმოჩენა: პირველი მოცურავე სპინოზავრი, რომელიც დინოზავრების ევოლუციის ისტორიას ცვლის

სპინოზავრი
სპინოზავრი

პალეონტოლოგისა და National Geographic-ის მკვლევარის, დოქტორი ნიზარ იბრაჰიმის კვლევა ადასტურებს დინოზავრის წყალში ცხოვრების უნიკალურ უნარს. ახალაღმოჩენილი განამარხებული ნაშთი ცვლის დინოზავრების ევოლუციის ისტორიას და სახელგანთქმული სპინოზავრის შესახებ აქამდე არსებულ წარმოდგენას.

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ მიაკვლიონ დამაჯერებელ ცნობებს წყალში მცხოვრები დინოზავრების შესახებ. დღეს, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი, რომელსაც National Geographic Society უჭერს მხარს, ადასტურებს, რომ სპინოზავრს – ყველაზე გრძელ მტაცებელ დინოზავრს, წყალში ცხოვრებაც შეეძლო და თავის გრძელ, ნიჩბისებურ კუდს ცურვისთვის და წყალში ნადირობისთვის იყენებდა ფართო მდინარეების ეკოსისტემებში. აღსანიშნავია, რომ წყალში ცხოვრების დამადასტურებელი ასეთი საბუთი პირველად ქვეყნდება.

ჟურნალ Nature-ში დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ემყარება კემ-კემის რეგიონში, მაროკოს საჰარაში აღმოჩენილი ამჟამად არსებული ერთადერთი სპინოზავრის ჩონჩხის მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგებს. ყველაფერთან ერთად, ეს ჩონჩხი აფრიკაში აღმოჩენილი ცარცული პერიოდის დინოზავრის აქამდე ნაპოვნი ყველაზე სრული ჩონჩხია. დაახლოებით 16-მეტრიან – ზრდასრულ ტირანოზავრ რექსზე გრძელ – 7-ტონიან მტაცებელს ზურგზე აფრისებრი ფარფლი და წაგრძელებული დინგი ჰქონდა, რომელიც ნიანგის ხახას მოგაგონებთ წვეტიანი კბილებით.

ამ აღმოჩენამდე მკვლევარი და დეტროიტის მოწყალების უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნაზირ იბრაჰიმი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომლმაც 2014 წელს აღმოაჩინა სპინოზავრის ნაშთები და მისი რეკონსტრუქციაც გააკეთა. სამუშაოს შედეგები ცხადყოფდა, რომ ეს არსება ზრდასრულ ტირანოზავრ რექსზე უფრო გრძელი – დაახლოებით 15 მეტრი იყო.

National Geographic Society-ის მხარდაჭერით იბრაჰიმი 2018 წელს მაროკოში დაბრუნდა, რათა გაეფანტა ეჭვები იმის შესახებ, ნამდვილად იყო თუ არა სპინოზავრი ნახევრად წყლის დინოზავრი. არქეოლოგური გათხრებისას 2015-2019 წლებში მისმა გუნდმა კიდევ მრავალი ნაშთი აღმოაჩინა და შეძლო, პრაქტიკულად, სრული ჩონჩხის აღდგენა – შედეგად გაირკვა, რომ მას ძალიან გრძელი მალების მქონე ნიჩბისებური კუდი ჰქონდა, რომელსაც ინტენსიურად ამოძრავებდა წყალში.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული დღევანდელი სტატია ცვლის ზოგადად დინოზავრების მრავალფეროვნების შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს, კონკრეტულად სპინოზავრს კი სრულიად ახლებულად წარმოგვიდგენს.

ქვემოთ მოცემულ ანიმაციაში სპინოზავრი ნიჩბისებური კუდის დახმარებით დაცურავს წყალში. ახალი მიგნებები გვაფიქრებინებს, რომ ეს გიგანტი დინოზავრი უამრავ დროს ატარებდა წყალქვეშ და შესაძლოა, თანამედროვე ნიანგივით მანევრირებდა მდინარეებში.

წყარო: M

რას ფიქრობ? შეაფასე

0 ქულა
Upvote Downvote

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

იტვირთება…

0
მოწყენილობის ილუსტრაცია

რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია მოწყენილობას?