in , ,

5G-სთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს ქართველი სამედიცინო ფიზიკოსი პასუხობს

5g ინტერნეტი e1588194284920
5g ინტერნეტი e1588194284920

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში პირდაპირ ანადგურებენ 5G ინფრასტრუქტურას. ადამიანთა საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კი სჯერა, რომ 5G ტექნოლოგია მათი ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ეს განწყობები გვხვდება საქართველოშიც და ცხადად იჩენს თავს სოციალური ქსელების მომხმარებლებში.

5G-სთან ასოცირებული და საქართველოში გავრცელებული დამოკიდებულებები სამ დიდ ჯგუფად რომ დავყოთ, შემდეგ ჩამონათვალს მივიღებთ – 1. ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 5G-ს მიზანმიმართულად იყენებენ მოსახლეობისთვის ზიანის მისაყენებლად, 2. რომლებიც ფიქრობენ, რომ 5G-ს შეიძლება აქვს რამე ნეგატიური გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა, ტექნოლოგიური განვითარება ამ „მსხვერპლად“ ღირს და 3. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც 5G-ს მომდევნო საჭირო და უსაფრთხო ნაბიჯად მიიჩნევს კაცობრიობისთვის, ისევე, როგორც ეს იყო თუნდაც, ელექტროფიცირება. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფს მიაკუთვნებთ თავს, სტატიის წაკითხვით შეძლებთ, ამ საკითხის გარშემო, ახალი კითხვებისა თუ პასუხების პოვნას.

წინამორბედების – 3G თუ 4G ქსელების მსგავსად, 5G რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება. რადგან 5G-ის ელექტრომაგნიტური სპექტრი უფრო მაღალია, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს. (4G იყენებს დაბალი სიხშირის რადიოტალღებს, 6 გიგაჰერცის დიაპაზონში, 5G კი – 25-90 გიგაჰერცის დიაპაზონში).

“ისტორიულად, მოსახლეობას აქამდეც ჰქონდა სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტის მიუღებლობა. სიმსივნის შემთხვევებსა თუ გულსისხლძარღვთა დაავადებებს კი ხშირად, მათ დასახლებასთან ახლოს მდგარ კავშირგაბმულობის ანძებს უკავშირებდნენ. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ეს წარმოდგენა ერთგვარი საფუძველია დღევანდელი შეთქმულების თეორიების დასაშენებლად, თუმცა, რამდენად არსებობს შანსი, რომ ეს მათ მიერ „დაცდილი“ კავშირი რეალურთან ახლოს მაინც იყოს? არაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად შესაძლებელია ვირუსი, როგორც ბიოლოგიური ფენომენი რადიოტალღებთან, რომელიც სრულიად განსხვავებულ – ელექტრომაგნიტურ სპექტრში არსებობს, ურთიერთქმედებდეს და მისი გავრცელების წინაპირობა იყოს. მსგავს და ზოგ შემთხვევაში, სრულიად ირაციონალურ კითხვებზეც კი პასუხის მისაღებად ჩიკაგოში, ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო აკედემიურ ცენტრში მოღვაწე სამედიცინო ფიზიკოსს – გოჩა ხელაშვილს ვესაუბრე”

აღემატება, თუ არა 5G-ს გავრცელების მიზნისთვის გამოყენებული რადიოტალღების სიხშირე ადამიანისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტურ სპექტრს?

5G-ის სიხშირის დიაპაზონი არის 25-90 გიგაჰერცი. ეს არის ე.წ. მიკროტალღების დიაპაზონის დასაწყისი:

ასეთი სიხშირის ტალღები ადამიანის ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს. როგორც სურათიდან ჩანს, ხილული სინათლის დიაპაზონს (რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავსთ საკუთარი თვალებით) უფრო დიდი სიხშირე აქვს და ეს ტალღები არანაირ ზიანს არ გვაყენებს. მიკროტალღას შეუძლია თერმული ცვლილებები გამოიწვიოს მატერიაში (მაგალითად მიკროტალღურ ღუმელში საჭმელის დამზადება), მაგრამ 5G არც ასეთი სიხშირე (5G სიხშირე უფრო მაღალოა) და არც ინტენსივობა (ინტენსივობა გაცილებით დაბალია) არ აქვს.

უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა პროცესის გამოწვევა შეუძლია ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ნიშნულის მაღლა არსებულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს? არსებობს, თუ არა იმის შანსი, რომ ადამიანის ორგანიზმში ამ პროცესის პროვოცირება 5G-იმ შეძლოს? 

5G სიხშირის ტალღებს მაქსიმუმ 0.5 მმ სიღრმეზე შეუძლიათ კანში შეღწევა და ამის შემდეგ კანი მათ შთანთქავს და თუ ინტენსივობა (ანუ ფართობის ერთეულეზე დაცემული რადიაციის რაოდენობა) ძალზე მაღალია, მაშინ კანის ტემპერატურის ოდნავი ცვლილება შეიძლება შეინიშნოს (ელექტრომაგნიტური ენერგია სითბურ ენერგიაში გადავა). მაგრამ მობილურ ტელეფონებს და მათ 5G ტალღებს ამის მსგავსი ინტენსივობა არ გააჩნიათ. ადამიანის კანი არის ბარიერი, რომელიც ორგანიზმსა და შინაგან ორგანოებს ასეთი მიკროტალღების შეღწევისგან იცავს. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, კანი ადამიანის ორგანოებს იცავს უფრო მაღალი სიხშირის – ხილული სინათლის – შეღწევისგან ორგანოებში. ვინაიდან 5G ტალღები ადამიანის ორგანიზმში ვერ შეაღწევენ, არანაირი პროცესის პროვიცირება არ შეუძლიათ.

გოჩა ხელაშვილი

სამედიცინო ფიზიკოსი

არის თუ არა 5G არაიონიზებადი ელექტომაგნიტური რადიაცია? რას გულისხმობს ეს?

5G ნამდვილად არის არაიონიზებადი ელექტრომაგნიტური რადიაცია. მაიონიზებადი რადიაცია ნიშნავს რომ რადიაციას აქვს უნარი დასძლიოს მიზიდულობის ძალა ელექტრონებს და ატომის ბირთვს შორის და ამოაგდოს ელექტრონი ატომიდან. ეს თავისთავად იწვევს ატომის ქიმიური თვისებების შეცვლას, რაც მოგვიანებით ბიოლოგიური თვისებების შეცვლის მიზეზი ხდება. ასეთ ელექტრომაგნიტურ რადიაციას მიეკუთვნება რენტგენის სხივები და გამმა სხივები, რომლებიც მედიცინაში გამოიყენება ადამიანის შიდა ორგანოების გამოსახულების მისაღებად, ან სიმსივნის სამკურნალოდ. ამ სურათზე მაიონიზებადი რადიაციაა გამოხატული, როლემიც ელექტრონის ამოგდებას იწვევს ატომიდან:

5G-ს არ აქვს საკმარისი ენერგია ელექტრონებსა და ატომის ბირთვებს შორის მიზიდულობის ძალის დასაძლევად. ამიტომ ის არაიონიზებად რადიაციას მიეკუთვნება.

ნტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი „თეორიის“ თანახმად, 5G-ის რადიოტალღების სიხშირე ჰემოგლობინის მოლეკულის რხევის სიხშირეზე ზემოქმედებს, რის გამოც სუნთქვის გაძნელების სიმპტომი იჩენს თავს. რამდენად მცდარია ეს წარმოდგენა?

5G ტალღები ვერ შეაღწევენ ადამიანის ორგანიზმში ისე, რომ რაიმე გავლენა გამოიწვიონ ჰემოგლობინის მოლეკულების რხევის სიხშირეზე. მართალია, რომ მიკროტალღოვან ღუმელში წყლის ადუღება ხდემა მიკროტალღების მიერ წყლის მოლეკულების ბრუნვითი თავისუფლების ხარისხის აღზნების საშუალებით. მოკელულები იწყებენ ბრუნვას მაღალი სისწრაფით და მათი თერმული ენერგია მატულობს. მაგრამ 5G-ის არ აქვს არც ასეთი სიხშირე, არც ინტენსივობა და რაც მთავარია ადამიანის კანი არ უშვებს მათ ორგანიზმში და მათ შორის, რა თქმა უნდა, სისხლშიც.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი ელექტროდინამიკისა და რადიოტექნიკის ლაბორატორიის მეცნიერები წლებია, კომპიუტერული მოდელირების საშუალებით, იკვლევენ მობილური ტელეფონებისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემების გამოსხივების ზემოქმედებას ადამიანზე. ამ ლაბორატორიაში მოღვაწე, ასევე კიბერნეტიკის ინსტიტუტის ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკის დოქტორი ვერიკო ჯელაძე მიყვება, რომ მსგავსი კვლევების ჩატარების აქტუალურობა ე. წ. „გარემოს ელექტრომაგნიტური დაბინძურებითაა“ გამოწვეული:

„გამოყენებითი ელექტროდინამიკისა და რადიოტექნიკის ლაბორატორიაში, ძირითადად, შევისწავლიდით მობილური დიაპაზონის 900, 1800,1900 MHz სიხშირის ელექტომაგნიტური ველების (ემვ) სითბურ ზემოქმედებას ადამიანზე. ემვ-ის შთანთქმა ადამიანის სხეულში რაოდენობრივად იზომება SAR სიდიდით, რომელიც წარმოადგენს მასის ერთეულის მიერ შთანთქმულ ველის ენერგიას. როგორ ჩვენმა, ასევე სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ემვ-ების შთანქმა და შესაბამისად, SAR დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგალითად, გამომსხივებელი წყაროს სიხშირეზე და სიმძლავრეზე, ანტენების ტიპზე და ზომებზე, მათ დაშორებაზე ადამიანისგან, ადამიანის გარშემო არსებულ ობიექტებზე, იმყოფება ღია თუ ნაწილობრივ ღია სივრცეში  – ოთახში, ავტომობილში და ა.შ.; თუ მობილური ტელეფონზე გავამახვილებთ ყურადრებას, თუ როგორ გვიჭირავს ხელში;  ემვ-ის სიხშირის ზრდისას (შესაბამისად, ტალღის სიგრძის შემცირებისას) მისი შეღწევის სიღრმე ადამიანის ქსოვილებში კლებულობს და მაღალ სიხშირეებზე შთანთქმა ხდება ძირითადად სხეულის ზედაპირზე, კანის ქსოვილებში“. 

„ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 5G  ქსელის სიხშირულ დიაპაზონის (25-90 GHz) ემვ-ების შეღწევის სიღრმე კანში არ აღემატება 0.5 მმ-ს და ცხადია, ვერ შეაღწევს ადამიანის სხეულში და ვერ ვისაუბრებთ სხეულის შიდა დაზიანებაზე.” თუმცა, არ ვიცით და საინტერესო იქნება გამოკვლევა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს 5G ტალღების სითბურმა თუ არასითბურმა ზემოქმედებამ კანზე არსებულ წარმონაქმნებზე, კერძოდ, ხალებზე, რომლებიც ზოგჯერ შესამჩნევადაა ამობურცული კანის ზედაპირზე და მეჭეჭისებურია. შესაძლებელია თუ არა ამ ზემოქმედებამ გამოიწვიოს ხალის გადაგვარება და მელანომას პროვოცირება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის სხეულის ზედაპირზე მაღალსიხშირული ემვ-ის დასხივებისადმი უფრო მგრძნობიარეა თვალის გარსი. იაპონელი, კერძოდ, კიოტოს უნივერსიტეტისა და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივი კვლევის მიხედვით, 60GHz სიხშირეზე, 24 სთ-იანი დასხივებისას ადგილი ჰქონდა ძალიან მცირე, მაგრამ არამაზიანებელ ზემოქმედებას ადამიანის თვალის უჯრედებზე. თუმცა, იაპონელი მეცნიერების სხვა ჯგუფის მიერ თვალზე ჩატარებულმა კვლევებმა 60GHz სიხშირეზე აჩვენა რქოვანას ტემპერატურის მომატება და დამატებით მისი შეშუპება 6 წუთიანი დასხივების შემდეგ. ამავე, მეცნიერთა ჯგუფმა კურდღლებზე 40, 75 და 95 GHz სიხშირის უწყვეტი მილიმეტრული ტალღების ზემოქმედებისას, აჩვენა თვალის დაზიანება 10 წუთიანი დასხივების შემდეგ. კერძოდ, რქოვანას სისქის შემცირება და გამჭვირვალობის შემცირება, რომელიც კვლავ ნორმალიზდებოდა დასხივებიდან 3 დღის შემდეგ.

დამატებით უნდა ითქვას, რომ ემვ-ების ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ 5G სიხშირეების 25-90 GHz ზემოქმედებაზე, რომელსაც შეესაბამება 12 – 3.5 მმ სიგრძის ტალღები, აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება მათ ზემოქმედებაზე შესაბამისი გეომეტრიული ზომების მქონე ბიოლოგიურ ობიექტებზე. ასეთებია, მაგალითად მცირე ზომის ფრინველები, მწერები და სხვა. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით რისკის ქვეშაა ყველაზე სასარგებლო მწერი ფუტკარი, რომლის უმთავრესი ფუნქციაა მცენარეების დამტვერვა. რამდენიმე უახლესი კვლევა ადასტურებს 5G სიხშირეების მავნე ზემოქმედებას ფუტკრებზე. მაგრამ, საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ დღეისათვის, არ შეიძლება გადაჭრით ვისაუბროთ აქვს თუ არა 5G ქსელს დამაზიანებელი თუ არადამაზიანებელი ზემოქმედება ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, რადგან არსებული კვლევები არასრულყოფილი და არასაკმარისია და შეუძლებელია მყარი დასკვნების გაკეთება. ამიტომ საჭირო და აუცილებელია კვლევების გაგრძელება ამ მიმართულებით. ჩვენი გუნდიც, ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან, ვაპირებთ ჩვენი მცირე წვლილის შევიტანოთ ამ აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემის კვლევაში“, – ამბობს ვერიკო ჯელაძე.

2015 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც International Committee on Electromagnetic Safety-ის მიერაა მომზადებული,1950 წლიდან ჩატარებული 1300 კვლევის შედეგია შეჯამებული. აქ შესწავლილია 3 kHz-დან 300 GHz-მდე რადიოტალღების სიხშირის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე (შეგახსენებთ, რომ 5G-ს დიაპაზონი 25-90 GHz-ია). საერთო დასკვნა კი ასეთია – მიკროტალღური რადიაცია არაიონიზებადია, რადგან არ აქვს საკმარისი ენერგია, იმისათვის, რომ ელექტრონი გამოაძევოს ატომიდან, ან მოლეკულიდან. მისი ერთადერთი შესაძლო ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე კანის ტემპერატურის ცვლილებაა, რაზეც ზემოთ გოჩა ხელაშვილიც საუბრობს და ეს ის ეფექტია, რასაც თსუ-ს ლაბორატორიაში იკვლევენ ფიზიკოსები. როცა რადიოტალღები მაღალია, შესაძლოა კანის ტემპერატურის ოდნავი ცვლილება გამოვლინდეს, რადგან ამ დროს ელექტრომაგნიტური ენერგია სითბურ ენერგიად იქცევა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რადიოტალღები კანში აღწევენ. ამ, ასე ვთქვათ, სითბური ეფექტის თავიდან ასარიდებლად, FCC-მ და სხვა რეგულატორებმა დააწესეს ზღვარი, თუ რა რაოდენობის ენერგიის გამოცემა შეუძლია უსადენო მოწყობილობას. თუმცა, როგორც ზემოთ, ვერიკო ჯელაძე აღნიშნავს, ამ და სხვა მიმართულებით კვლევები გრძელდება. მათ შორის, იმის დასაზუსტებლადაც, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მწერებზე 5G ტექნოლოგიამ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 5G მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს, ისაა, რომ მისი გადამცემები, დაახლოებით, 200-250 მეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს. ეს იმის გამოა, რომ 5G რადიოტალღების სიგრძე მილიმეტრებში იზომება და რადგან ეს ტალღები მოკლეა, საჭიროა ანძები ერთმანეთთან ახლოს იყოს. ერთი მხრივ, ეს ძალიან დიდ ფინანსებს უკავშირდება, მეორე მხრივ კი ისევდაისევ, ადამიანებთან, დასახლებებთან სიახლოვის გამო იქცევა ხოლმე შიშის საგნად.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია COVID-19-მა მსოფლიო და აქამდე, სხვადასხვა სფეროში არსებული გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა, ტექნოლოგიების სფეროში, ისევე, როგორც 2019 წლის ბოლოს, ჯერ კიდევ თანხმდებიან, რომ 2020 წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა 5G ინტერნეტის ამოქმედებაა. აღნიშნული სიახლე კი გამოიწვევს როგორც განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას, ასევე, ჩვენი ყოველდღიურობის შეცვლას. შეიცვლება ის, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვისვენებთ, ვერთობით, ვმკურნალობთ და ა.შ. მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ცვლილებაში კი ნივთების ინტერნეტს (IOT) ეხება. 5G ინტერნეტით ქუჩებში შეუფერხებლად გადაადგილდებიან თვითმართვადი მანქანები, განვითარდება ტელემედიცინა – ქირურგები დისტანციურადაც კი შეძლებენ ოპერაციების ჩატარებას და ა.შ. ამ ყველაფრის მიზეზი კი სწრაფი და მაღალი ხარისხის ინტერნეტი იქნება, რომელსაც 5G-იდ მოვიხსენიებთ. საკმაოდ საინტერესო და ბევრისთვის შიშისმომგვრელი ჩამონათვალია. ბევრისთვის იმის თქმის წინაპირობა, რომ ყველაფერს აქვს რისკები და სარგებელი, ეს ჩამონათვალი კი სარგებლის კატეგორიიდანაა. მართლაც ასეა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის რისკი კვლევებით არ დასტურდება და სავარაუდოდ, „მსხვერპლი“, რომლის გაღებაც კაცობრიობას 5G ინტერნეტის ამოქმედებისთვის მოუწევს, მხოლოდ ფინანსური იქნება.

ხატია თორდუა

სტატიაზე იმუშავა ხატიამ

ხატია თორდუა

ჟურნალისტი, სოციოლოგი

რას ფიქრობ? შეაფასე

0 ქულა
Upvote Downvote

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

იტვირთება…

0
მოწყენილობის ილუსტრაცია

რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია მოწყენილობას?

tbwa

როგორ ავირიდოთ დაინფიცირება და არ მოვკიდოთ ხელი ბინძურ სახელურებს